მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » "ტორპედო" "ტორპედოს" წინააღმდეგ
11:53 PM
"ტორპედო" "ტორპედოს" წინააღმდეგ

ქუთაისის "ტორპედო" 1946 წელს დაარსდა, 2008 წლიდან კი საქართველოს სამგზის ჩემპიონმა და ორგზის თასის მფლობელმა გუნდმა, ფაქტობრივად, არსებობა შეწყვიტა. ქუთასის "ტორპედომ" უმაღლეს ლიგაში ბოლო სამი სეზონი ფინანსური კრიზისის გამო ვერ ითამაშა. პრაქტიკულად, ლიკვიდაციის ზღვარზე მყოფი გუნდისთვის მაშინ ადგილობრივი ხელისუფლებიდან ფინანსები ვერ გამოიძებნა. "ტორპედო ქუთაისის" ხელოვნურად შეჩერების ოფიციალური ვერსია არ არსებობს. თუმცა, საუბარია იმაზე, რომ სამთავრობო ჩარევებითა და პოლიტიკური გადაწყვეტილებით ადგილობრივმა ხელისუფლებმა ძველი "ტორპედო" თავიდან მოიშორა (დღესდღეობით "ტორპედო ქუთაისის" 100%-ანი მფლობელი "სამი ტუზია") და ახალი კლუბი - "ტორპედო 2008" ჩამოაყალიბა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ძველ "ტროპედოსთან". აღნიშნული კლუბი ამ ეტაპზე სრულიად საბიუჯეტო დაფინანსებაზეა.

რატომ დასჭირდა ადგილობრივ ხელისუფლებას ახალი საფეხბურთო კლუბის შექმნა, როდესაც ერთი უკვე არსებობდა? კიდევ ერთი შეკითხვა ფინანსურ მხარეს უკავშირდება: თუკი ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბის შესანახად საჭირო თანხები გააჩნდა, რატომ არ მოხდა უკვე არსებული კლუბის დაფინანსება, რომელიც ფინანსურ კრიზისს განიცდიდა? მიზეზად მისი კერძო მფლობელობაში არსებობა სახელდებოდა. სწორედ ამ მოტივით ჩამოაყალიბეს ახალი გუნდი, თუმცა მის შემქმნელებს გუნდის სახელწოდებაზე დიდი შემოქმედებითი უნარი არ გამოუჩენიათ: ახალ გუნდს სახელწოდებაში "ტორპედო" დაუტოვეს და ძველი გუნდისაგან განმასხვავებლად მხოლოდ დაარსების წელი მიუმატეს. თუმცა, ახლა შესაძლოა, "ტორპედო 2008"-ს პრობლემები მისი საბიუჯეტო დაფინანსების გამო შეექმნას.

საქმე ის არის, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული კანონით, თუკი გუნდი სახელმწიფოსგან დაფინანსებული იქნება, ის უმაღლეს ლიგაში ვერ მოხვდება და ფედერაციის ეგიდით გამართულ ჩემპიონატებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ხელისუფლებას კლუბის გასასხვისებლად და ინვესტორის მოსაძიებლად ვადა მაისამდე აქვს.

- "მე მგონი, ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ და კატეგორიულად მოვთხოვოთ მერიას, ან გუნდს ინვესტორი მოუძებნოს, ანდა კეთილი ინებონ, თვითონ მოიკლონ და ამოდენა ქალაქს გუნდი გადაურჩინონ. ისე მაგრად ვართ "დაჩმორებული" ქუთაისელები: ძეგლებსაც დაუკითხავად გვიფეთქებენ, დედა-შვილიც შეიწირეს, ჩვენ კი ახალ წელს ვზეიმობთ და ღორის პანაშვიდებზე მწვადებით ვსკდებით. უარესსაც გვიზამენ და ღირსებიც ვართ!!! ქუთაისი - მეორე დედაქალაქი! მეორე არა ტოროლა!"

 - "ვაჩვენოთ ამათ... დავთქვათ დღე და მერიასთან შევიკრიბოთ. "ტორპედოს" მიხედონ, თორე დედა აღარ შერჩება ბარეორს".

ეს არასრული ჩამონათვალია იმ კომენტარებისა, რომელიც "ტორპედო 2008" ოფიციალური ვებ-გვერდის ფორუმზე დევს. ფორუმელებს პრეტენზიები გუნდის სახელწოდებასთან დაკავშირებითაც აქვთ: "ეს 2008 მოაშორონ და ეგ იქნება".

ახალი საფეხბურთო კლუბის ახალი სახელი, ისე როგორც მისი დაარსება და შესაბამისად, მისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფის საკითხი ქალაქის ყოფილი მერის ნუგზარ შამუგიას დროს გადაწყდა, მისივე ხელმძღვანელობით. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კლუბის დირექტორად ვახტანგ კეკუა დაინიშნა, რომელიც ქალაქის ყოფილი მერის ნუგზარ შამუგიას ნათესავი, მისი დეიდაშვილია. გასულ წელს კლუბის დაფინანსება 309^00 ლარს შეადგენდა. გუნდის ახალი, 2010 წლის ბიუჯეტიც შამუგიას თანამდებობაზე ყოფნის დრო განისაზღვრა და 310 000 ლარი შეადგინა. თუმცა, ამჯერად აღნიშნულ თანხას კლუბი არა მთელი წლის მანძილზე, არამედ მაისამდე დახარჯავს, რადგან უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად სახელმწიფო დაფინანსებაზე ყოფნა კანონის დარღვევა იქნება. შესაბამისად, მიმდინარე წელს გუნდს დაფინანსება პრაქტიკულად გაორმაგებული აქვს.

ქუთაისის ამჟამინდელი მერი გია თევდორაძე მისი წინამორბედის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შემდეგნაირად განმარტავს: "რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, "ტორპედოს" ჰქონდა სერიოზული დავალიანება, 12000 ლარი ახლაც აქვს მოხმარებული ელექტროენერგიის ვალი. იმისათვის, რომ მომხდარიყო რესტრუქტურიზაცია და საფეხბურთო გუნდს ჰქონოდა ნორმალური ფუნქციონირების საშუალება, მაშინდელი ხულისუფლება იძულებული გახდა, რომ ახალი იურიდიული სუბიექტი ჩამოეყალიბებინა," - ამბობს გია თევდროაძე.

თუმცა, ეს მხოლოდ ოფიციალურად. სხვა ვერსიით, კი "ტორპედო ქუთაისის" ფუნქციონირების შეჩერებას წინ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები უძღოდა 2007 წელს. საქმე ის არის, რომ ქუთაისს ფეხბურთის ფედერაციის წინა არჩევნების დროს ორი ხმა ჰქონდა: ერთი კლუბ "ტორპედოს" და მეორე - ფედერაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას. ორივემ ხმა ნოდარ ახალკაცის წინააღმდეგ მისცა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს გახდა კლუბის გაჩერების მიზეზი.

გარდა ამისა, ბევრი კითხვის ნიშანი იყო თვით კლუბის მფლობელობასა და და მის დაფინანსებასთან დაკავშირებით. "სიგმაბანკის" პრეზინდეტი ბესარიონ ჯიქია, თურქი ბიზნესმენი იბრაგიმ ართვინლი - ის ინვესტორები იყვნენ, რომლებიც სხვადასხვა დროს კლუბის მიმართ ინტერესს იჩენდნენ. შემდეგ "ტორპედოს" პრეზიდენტი გრიგოლ ხურციძე, მეტსახელად "მანათა" გახდა, რომელიც მოგვიანებით 30 000 დოლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს. ბოლოს კლუბში სათამაშო ბიზნესის "სამი ტუზის" მფლობელი ზაურ კვირკვინია შევიდა, მას კლუბის დაფინანსებზე მზრუნველობა თითქმის არ გამოუჩენია, რის გამოც ახალი ინვესტორის მოძიებაზე დაიწყო საუბარი. ბოლოს ბიძინა ივანიშვილიც სახელდებოდა სავარაუდო მყიდველად, მაგრამ საბოლოოდ ეს ინვესტიცია არ განხორციელდა.

საქმე ის არის, რომ როდესაც ქუთაისის ფეხბურთში ინვესტიციების განხორციელებაზე იყო საუბარი, ყოველთვის ორი ინტერესი დგებოდა წინა პლანზე - სტადიონი და საწვრთნელი ბაზა. ერთიც და მეორეც დღემდე სახელმწიფო საკუთრებაშია. 1998 წლიდან "ტორპედოში" სერიოზული ინვესტიცია ბიზნესმენმა ზურაბ ხინიკაძემ განახორციელა, რომელსაც სტადიონიცა და ბაზაც 49-წლიანი იჯარით გადასცეს. თუმცა მოგვიანებით მას იჯარის ხელშეკრულებები გაუუქმეს და ინვესტორსაც ხარჯის გაღების ყოველგვარი სურვილი დაეკარგა. მას შემდეგ ხელისუფლება საკუთრებაში არსებულ ქონებას ვეღარ თმობდა. ხოლო მარტო გუნდი ინვესტორისთვის ნაკლებ მიმზიდველი იყო. ახლა საწვრთნელი ბაზით სამთავრობო "ტორპედო" სარგებლობს და "ტორპედო ქუთაისის" ქონებასაც მოიხმარს, რის გამოც ამ უკანასკნელს პრეტენზიები აქვს. კერძოდ, არსებობს დუკუმენტაცია, რომ ბაზასა და სტადიონზე არსებული ქონება "ტორპედო ქუთაისს " ეკუთვნის. 2005 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტში წერია: "მე, შედან ნანიკაშვილმა, შპს "ქუთაისის ტორპედოს" პრეზიდენტს გრიგოლ ხურციძეს პირად მფლობელობაში გადავეცი ზემოთ აღნიშნული კლუბის ოფისის ინვენტარი. აღნიშნულ ინვენტარზე არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია". ამ საბუთს თან ერთვის ზემოხსენებული ქონების ჩამონათვალი, რომელიც ჯამში 86 ერთეულს შეადგენს. მისი საერთო ღირებულება კი 80000 ლარზე მეტს შეადგენს. კლუბი, რომლის ქონებით "ტორპედო 2008" სარგებლობს, ქონების გადასახადს დღემდე იხდის.

ძველ "ტორპედოელებს" ქუთაისის ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებთ საუბარი არ სურთ. ისინი მხოლოდ საჭირო დროს, ანუ ახალი სეზონის დაწყებას ელოდებიან, რომ ძველი მდგომარეობა დაიბრუნონ. "ტორპედო ქუთაისის" ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისთვის საჭირო დამფინანსებლები უკვე ჰყავთ (კლუბს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისთვის ანგარიშზე მინიმუმ 600 000 ლარი უნდა ჰქონდეს). გუნდის დირექტორის ვლადიმერ კაკაურიძის თქმით, "სამი ტუზი" მზადაა გაიღოს დაფინანსება, ასევე, არსებობენ სხვა კერძო დამფინანსებლები. "ახალი სეზონისთვის შევძლებთ ახალი გუნდის შექმნას. ზოგს ჰგონია, რომ აქ ფული უნდა იშოვონ. ფეხბურთში ფული უნდა ჩადო!" - ამბობს ვლადიმერ კაკაურიძე.

რაც შეეხება "ტორპედო 2008"-ს, ის ამ დროისთვის პირველი ლიგის დასავლეთ ზონაში გადმოდის და პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა. "ტორპედო 2008"-ის მესვეურები მომავალი სეზონისთვის დიდ მიზნებს ისახავენ, რასაც ხელს სახელწიფო მხარდაჭერაც უწყობს. ხელისუფლებაში დარწმუნებულნი არიან, რომ მათი გუნდი უმაღლესის საგზურს მოიპოვებს. თუმცა, მანამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინვესტორის მოძიებაზე უნდა იფიქროს, რომ გუნდი კერძო საკუთრებაში გადავიდეს. როგორც ირკვევა, ქალაქის ახალმა ხელმძღვანელობამ ეს საკითხი უკვე გადაწყვიტა და საკმაოდ მარტივადაც.

ადგილობრივ ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ ინვესტორი გუნდს თვითონ მოძებნის. "ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ აქვს ის გეგმა, რომ "ტორპედომ" ღირსეულად ითამაშოს მეორე წრეში. ჩვენ მოტივაცია მივეცით ფეხბურთელებს ხელფასის მომატების კუთხით. ამიტომ ჯერ ინვესტორის მოძიების კუთხით არანაირი ვარიანტი არ განიხილება. ვფიქრობ, რომ გუნდი შეძლებს უმაღლეს ლიგაში გადასვლას. გუნდის წარმატებისა და ასევე, სტადიონის და ბაზის სრული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემთხვევაში კი გაჩნდებიან დაინტერესებული ბიზნეს ჯგუფები, რომლებიც თვითონვე მოძებნიან გუნდს," - ამბობს ქალაქის მერი გია თევდორაძე.

აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს"~ სტადიონზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ახალი სტადიონის პროექტი FIFA-ს სტანდარტების გათვალისწინებით შპს "ოპიზარმა" განახორციელა. საპროექტო სამუშაოებისთვის სულ 40 000 ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე მომუშავე კომპანიას, ის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩია. შპს "დაგიმ" სტადიონზე პირველი ეტაპის სამუშაოები მაისის დასაწყისში უნდა დაასრულოს.

"პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობის მოწყობას. პირველ სართულზე იქნება ფეხბურთელთა გასახდელები, საშხაპეები და მსაჯთა ოთახი, ასევე, სამედიცინო პუნქტი. კეთდება მთავარი შესასვლელი, VIP ზონა, სიდანაც მეორე სართულზე მოვხვდებით სამთავრობო ლოჟაში. იქვე იქნება პრეს-ცენტრისთვის სპეციალური ოთახები, ყველაფერი რაც კი FIFA-ს მოთხოვნებით არის აუცილებელი," - ამბობს არქიტექტორი რამაზ სალდაძე.

არქიტექტორების თქმით, დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სკამები, რომელიც იქნება "ანტი ვანდალური". სულ 10-12 000 სკამი დამონტაჟდება. 3000 ადგილი კი ფეხზე მდგომი მაყურებლისთვის იქნება გათვლილი. "სკამები შეიძლება ჩამოიტანონ ჩინეთიდან, თურქეთიდან ან იტალიიდან. საკმაოდ ძვირადღირებული სკამებია. დაახლოებით ერთი სკამის ღირებულება 10-17 დოლარამდეა," - ამბობს არქიტექტორი რამაზ სალდაძე. სტადიონზე, ასევე, დამონტაჟდება ახალი ტრიბუნები. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე კი მოხდება გადახურვა 75 მ სიგანეზე, ტაბლოს დამონტაჟება და განათების მოწყობა. დამონტაჟდება 140-მდე სპეციალური ლუქსორი. "სტადიონი დასრულებულ სახეს მიიღებს მეორე ეტაპის შემდეგ, რომლის ხარჯთაღრიცხვა ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი. სულ სტადიონის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონ ნახევარი ლარია გათვალისწინებული," - ამბობს რამაზ სალდაძე.

ვის გადაეცემა სარგებლობაში განახლებული სტადიონი და საწვრთნელი ბაზა, ეს რამდენიმე თვეში გადაწყდება. "როდესაც გუნდს გამოუჩნდება ღირსეული პატრონი, ბაზაცა და სტადიონიც მას გადაეცემა. მთავარია, ყველა ის ვალდებულება, რომელიც ექნება ინვესტორს, იქნეს დაცული," - ამბობს გია თვედორაძე. მისი თქმით, ჯერჯერობით არ ყოფილა განხილვის თემა, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს მათი გადაცემა. თუმცა, ყველაზე მისაღებ ვარიანტად კვლავაც იჯარის ფორმით გადაცემა სახელდება

კატეგორია: აქტუალური ამბები | ნანახია: 862 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title