მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » უცნობი კარსტული მღვიმე ქუთაისში!
11:14 PM
უცნობი კარსტული მღვიმე ქუთაისში!
 

რა ნახეს მიწის ქვეშ ჭახათელმა ბიჭებმა?

ქუთაისის შემოგარენის მიწისქვეშა სამყარო ჯერ ბოლომდე გამოუკვლეველია და, როგორც ჩანს, მრავალ სიურპრიზს გვპირდება...

ქალაქის აღმოსავლეთით, ჭახათის დასახლებაში, კლდიაშვილის ქუჩის ბოლოს, ხნიერი ქუთათური თავისი კურდღლებისათვის კუნელის ტოტებს ჭრიდა. ხე რომ გაკაფა, უცებ, რაღაც წკვარამი შენიშნა. დაინტერესდა, ჩასვლა დააპირა, მაგრამ ვიწრო ყელში ვეღარ ჩაეტია და თავი მიანება. 
მერე ამ შემთხვევის შესახებ შინაურებს და მეზობლებს უამბო...
სწორედ, აქედან დაიწყო ყველაფერი.
მეშვიდეკლასელი ლუკა თავისზე უფროს მეზობელ ბიჭს მოუყვა ბაბუა ნოშრევანის ნაპოვნი ორმოს შესახებ და სთხოვა - თვითონ ვერ ჩავიდა და, წამო, ჩვენ ვნახოთ, რა არისო.
ასე შეიკრა მოყვარულ ახალგაზრდა „სპელეოლოგთა" პირველი სახელდახელო ჯგუფი: ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ლუკა დიხამინჯია და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ლუკა ობოლაძე, ხოლო მოგვიანებით - 22-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი ანდრო (ხვიჩა) გვენეტაძე და მე-5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მამუკა პაიჭაძე.
ლუკა ობოლაძე: „თავიდან არც ფანარი გვქონდა, უბრალო სანთებელას იმედით წავედით მე და ლუკა. ჩავძვერით. წარმოიდგინეთ, როგორი ვიწრო ჩასასვლელი უნდა ყოფილიყო, რომ ჩემნაირი გამხდარი ადამიანი გვერდულად ძლივს ჩასულიყო! თავიდან ისეთი სივიწროვეა, ვერ გაიმართები. გავთხარეთ და გამოჩნდა კიდევ რაღაც ხვრელი... ლუკას ვუთხარი, შენ ჩემზე პატარა და წვრილი ხარ, ბევრი რომ არ ვიწვალო, მიდი, გადაძვერი და, თუ ღირს, წამოვალ-მეთქი. მაგარი გულიანი ბიჭია, უშიშრად გადაძვრა. ცოტა ხანში მისი გახარებული ყვირილი მომესმა. მივყევი მეც. 
გავანათეთ სანთებელათი, როგორც შევძელით, შევხედეთ: ერთი დერეფანი მარჯვნივ მიდიოდა, მეორე - ქვევით. თოკები არ გვქონდა, ამიტომ მეტი ვეღარ გავბედეთ და გამოვბრუნდით.
მერე ხვიჩა დაგვეხმარა, ასევე - მამუკა პაიჭაძე. შევიარაღდით ფანრებით, თოკებით, დანებით - ყველაფრით, რაც, ჩვენი აზრით, დაგვჭირდებოდა.
ფარნების შუქზე მართლაც არაჩვეულებრივი სილამაზის სტალაქტიტები და სტალაგმიტები გამოჩნდა, სათაფლიაზე რომ არის, იმის მსგავსი.
დარბაზი დიდი არ არის, მაგრამ, როცა მაქსიმალურად ძირს ჩავედით, რატომღაც ამოვთხარეთ ნაყარი მიწა (იქ მცოცავი მიწაა, რამდენჯერმე ფეხქვეშაც გამომეცალა, თოკმა გადამარჩინა) და გამოჩნდა მიწის ქვეშ დამარხული სტალაგმიტები. ამიტომ, მე ვფიქრობ, ადრე აქ სივრცე იყო, რომელიც მიწამ ამოავსო.
კიდევ ერთი გადასაცოცებელია იქ და ხვიჩამ ფეხის დარტყმით შეამჩნია, რომ ქვეშ რაღაც სიცარიელე იგრძნობა.
ხვიჩა გვენეტაძე: „ეს მღვიმე რკინიგზის გასწვრივაა. ქვემოთ რომ ვიყავით, მატარებლის ხმა გვესმოდა, თუმცა კედლებს ვიბრაცია არ ჰქონდა. რაზეც ვიდექით, აი, იმაზე კი იყო...
მიწის ქვეშ ძალიან ლამაზი სტალაქტიდები და სტალაგმიტები ვნახეთ - ყავისფერი, თეთრი... ასევე - ყავისფერი სოკოიანი, ოკეანის ფსკერზე რომ რიფებია, იმის მსგავსი. ზევიდან წამოსული იყო სულ თეთრი, თეთრი...
ხნიერ ხალხს შევეკითხეთ, თუ სმენოდათ მამა-პაპისაგან რაიმე ამ მიწისქვეშა გამოქვაბულის შესახებ. ოთხმოც წელს გადაცილებულებმა არაფერი იცოდნენ. ამბობდნენ, ყოველთვის გვიხდებოდა აქ, ამ ადგილზე ტრიალი და წარმოდგენაც არ შეგვეძლო, რომ თურმე ქვემოთ ასეთი საიდუმლო ინახებოდაო.
ჩვენ, ბიჭები, სამ-ოთხჯერ ჩავედით მიწისქვეშ, ბევრი ფოტო გადავიღეთ ციფრული აპარატით...

***
ასე აღმოაჩინეს ქუთაისელმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთი უცნობი წკვარამი.
იცით, რას ნიშნავს წკვარამი?
ეს კარსტული ძაბრებისა და ჭების ჩვენებური, იმერული განმარტებაა. უფსკრულს, ქვესკნელს, ღრმა ორმოს ნიშნავს და კიდევ ერთი ვერსიით - უკუნეთს, ბნელს (ღამეს).
გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პროფესორ ლევან მარუაშვილის გაანგარიშებით, ქუთაისის შემოგარენში 1000-მდე წკვარამია. მისივე ცნობით, კირქვების გაშიშვლებულ წყებაში, ქალაქის ჩრდილოეთით, კარსტს შეიძლება შევხვდეთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე (ლ. მარუაშვილი „ქუთაისისა და წყალტუბოს რაიონის წკვარამები", ქუთაისის პედინსტიტუტის შრომები, ტ. II, 130).
ცნობილი გეოგრაფის, პროფესორ ვახტანგ ჯაოშვილის დასკვნით, ფართოდ გავრცელებული კარსტული მოვლენები ქუთაისისა და მისი მიდამოების რელიეფის ერთ-ერთ თავისებურებას გამოხატავს. როგორც საკუთრივ ქალაქის ტერიტორიაზე, ისე მის მოსაზღვრე გორაკ-ბორცვიან და დაბალმთიან სოფლებში დიდი რაოდენობით ვხვდებით ბუნებრივ გამოქვაბულებს, აგრეთვე სხვადასხვა სახის ძაბრებსა და ჭებს.
პროფესორი ჯაოშვილი ასახელებს ერთ-ერთ ასეთ მღვიმეს, რომელიც რიონჰესის გვირაბის გაჭრისას აღმოუჩენიათ ქალაქის აღმოსავლეთ უბნის - საფიჩხიის მიდამოებში. „იგი იწყება რამდენიმე ძაბრისმაგვარი ორმოთი და შემდეგ კარგა დიდ მანძილზე გრძელდება აღმოსავლეთით. აქ დიდი რაოდენობითაა მრავალფეროვანი სტალაქტიტები და სტალაგმიტები, ხოლო გამოქვაბულის პატარა მდინარეში აღმოჩნდა მიწის ქვეშ მობინადრე, მეტად საინტერესო თევზები, რომლებსაც დაკარგული ჰქონდათ თვალისჩინი... აღნიშნულ მღვიმეს ამჟამად შესასვლელი არა აქვს" (ვახტანგ ჯაოშვილი, „ქუთაისი", 1989).
„იმერეთი რთული გეოლოგიური აღნაგობის მქონე რეგიონია, შეიძლება ითქვას, ბუნებრივად არის გეოლოგიური მუზეუმი" - წერს პროფესორი ოთარ ჩხეიძე თავის ფუნდამენტურ გამოკვლევაში „იმერეთის ფიზიკური გეოგრაფია", ნაწილი I (2008). 
იქნებ, ამ „მუზეუმის" კიდევ ერთ უნიკალურ, გამორჩეულ „ექსპონანტს" მიაგნეს ქუთაისელმა ახალგაზრდებმა?!
ყურადღებას ვთხოვთ სპელეოლოგებს, გეოლოგებს, ამ საქმესთან დაკავშირებულ სპეციალისტებს და, უპირველესად, ხელისუფლებას, რომელიც ტურიზმის განვითარებით ასეა დაინტერესებული! ვინძლო ბიჭების ნაპოვნ, სტალაგმიტებითა და სტალაქტიტებით დამშვენებულ კარსტული დარბაზს მიღმა კიდევ უფრო საინტერესო, უცნობი მიწისქვეშა სამყარო იმალებოდეს!

კატეგორია: ქუთაისის ღირსშესანიშნაობები | ნანახია: 1689 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title