"ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები იძლევა საფუძველს ითქვას, რომ წინა წელთან შედარებით, დაწესებულებაში განთ - 15 ოქტომბერში 2011 - Personal site
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 15 » "ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები იძლევა საფუძველს ითქვას, რომ წინა წელთან შედარებით, დაწესებულებაში განთ
1:14 AM
"ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები იძლევა საფუძველს ითქვას, რომ წინა წელთან შედარებით, დაწესებულებაში განთ
ქუთაისის ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს შორის კონფლიქტების პროვოცირებას ცდილობს?

"ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები იძლევა საფუძველს ითქვას, რომ წინა წელთან შედარებით, დაწესებულებაში განთავსებულ პირთა ყოფა საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო დროს თავი იჩინა პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა. პატიმრები აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ ხშირად უხეშად და დამამცირებლად ექცევიან, განსაკუთრებით კი დისციპლინურ პასუხისმგებლობადაკისრებულ და კარანტინში განთავსებულ პატიმრებს", - ეს არის ამონარიდი სახალხო დამცველის აპარატის "პრევენციისა და მონიტორინგის" დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშიდან.

მასში ასევე ნათქვამია, რომ პატიმრებს სეირნობის უფლება ძალიან შეზღუდული აქვთ, კარანტინში მყოფ პატიმრებს კი ხშირად დაჩოქილ მდგომარეობაში ყოფნა 2 საათის განმავლობაში უწევთ.

სახალხო დამცველის აპარატმა ეს ანგარიში გუშინ საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა. ომბუდსმენის აპარატი სხვა საკითხებზეც აკეთებს აქცენტს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პატიმრების თქმით, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამარტოო საკანში გადაყვანის ნაცვლად, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, პატიმართა უმეტესობა ჯერ დაწესებულების ე.წ. "ბოქსში" გადაჰყავთ ("ბოქსი" წარმოადგენს დაახლოებით 2-3 კვ.მ-ის ფართის მქონე საკანს, სადაც არ არის არც მაგიდა, არც სკამი და არც საწოლი), სადაც დასჯილ პატიმრებს ათავსებენ ფეხშიშველა, საცვლების ამარა, 3-დან 24 საათამდე. ომბუდსმენის აპარატის მონაცემებით, ზოგიერთმა მსჯავრდებულმა ისიც აღნიშნა, რომ ისინი "ბოქსში" ჩაყვანის შემდეგ სცემეს, თუმცა აღნიშნული ფაქტების წერილობით დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს.

პატიმრები ასევე ამბობენ, რომ თავს ყოველდღიური გასეირნებისგანაც იკავებენ, რადგან ყოველი გადაადგილება შესაძლებელია დაწესებულების თანამშრომლებთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ხოლო ისინი, ვინც მაინც სარგებლობენ ამ უფლებით, აღნიშნავენ, რომ თუ სეირნობისას ერთი პატიმარი მაინც დაარღვევს შინაგანაწესს, მაგალითად, მიესალმება სხვა პატიმარს, მთელი საკანი ისჯება და საკანში ბრუნდება.

"რთული მდგომარეობაა დაწესებულების კარანტინშიც, სადაც ახლად შეყვანილ პატიმრებს ათავსებენ", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - "პატიმრების თქმით, კარის ყოველი გახმაურების დროს მათ აიძულებენ თავზე ხელებდაწყობილები დადგნენ ფანჯრისკენ სახით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ ვერ მოასწრო საწოლის მეორე სართულიდან დროულად ჩამოსვლა და ადმინისტრაციის მიერ მითითებულ მდგომარეობაში დადგომა, ისჯება მთელი საკანი. პატიმართა თქმით, ამ შემთხვევაში დასჯა გულისხმობს მათ დაჩოქებას თავზე ხელებდაწყობილ მდგომარეობაში, რაც 1-2 საათიც კი გაგრძელებულა".

"ქუთაისის # მე-2 დაწესებულებისგან განსხვავებული ვითარებაა გეგუთის მე-14 დაწესებულებაში. პატიმრებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ მოპყრობა წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. დაწესებულების ადმინისტრაცია, მათ შორის დაწესებულების დირექტორი, ცდილობს, რეგულარულად იქონიოს კონტაქტი პატიმრებთან და მაქსიმალურად უწყობს ხელს მათ ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტაში", - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

რაც შეეხება ხონის #მე-13 დაწესებულებას, იგი განეკუთვნება იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებათა რიცხვს, რომელთა ლიკვიდაციის რეკომენდაციაც არაერთხელ გასცა სახალხო დამცველმა. მონიტორინგის დროს დაწესებულებაში სულ 73 მსჯავრდებული იყო განთავსებული. მოპყრობის მხრივ მსჯავრდებულები პრეტენზიას არ გამოთქვამენ, თუმცა დაწესებულებაში არსებული პირობები კვლავ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

"რეზონანსი" იურისტებს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ ასეთი კრიტიკული სიტუაცია არა მარტო ქუთაისშია, არამედ საქართველოს ციხეების უმრავლესობაში. იურისტებს არ სჯერათ, რომ ზოგიერთ ციხეში უკეთესი მდგომარეობაა.

ჩვენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროსაც დავუკავშირდით, პრესცენტრის უფროსმა თეა სუხიშვილმა კითხვების გაგზავნა ელ. ფოსტის საშუალებით გვთხოვა, თუმცა მისგან პასუხი აღარ მიგვიღია. პასუხს საღამოს 8 საათამდე ველოდით.

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სახალხო დამცველსაც აკრიტიკებს. მისი თქმით, სახალხო დამცველს მინიჭებული აქვს უფლება, რომლის თანახმადაც მას პასუხისმგებელი პირების უფლებამოსილების საკითხის დაყენება შეუძლია.

კაკაბაძის თქმით, ომბუდსმენს მათზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც კი შეუძლია. ნანა კაკაბაძე სახალხო დამცველს მოუწოდებს, რომ მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს და პრობაციის მინისტრისა და სხვა პასუხისმგებელი პირების მიმართ საქმე აღძრას.

"ძალიან კარგია, როდესაც სახალხო დამცველი კრიტიკულ ანგარიშებს ამზადებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მან კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენოს, რომლის უფლებაც ექსკლუზიურად მხოლოდ სახალხო დამცველს აქვს. მან უნდა დააყენოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც დანაშაულს ჩადიან. მათ შორის მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უფლებაც აქვს.

"არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, ასევე წამება ეს ის ფორმებია, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება. როდესაც სახალხო დამცველი მრავალჯერ აკეთებს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც პენიტენციალურ სისტემაში ასეთი სახის მოპყრობაა, ან ისეთი პირობები, რომელშიც დღეს პატიმრები იმყოფებიან, აქ პირდაპირ უნდა მოითხოვოს სახალხო დამცველმა კონკრეტული პირების და მათ შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც.

"მე მოხარული ვიქნებოდი თუ ომბუდსმენი ამ უფლებას გამოიყენებდა, იმიტომ, რომ ეს იურიდიულად ერთადერთი მექანიზმია, რომლითაც შესაძლებელია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. თუ მათ მიმართ არ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს, იმის მიღწევა მაინც არის შესაძლებელი, რომ ეს ადამიანები დაკავებულ თანამდებობებს დატოვებენ. მათ შემდეგ თანამდებობებზე ვინც მოვლენ, მათ ეცოდინებათ, რომ ასეთი მოპყრობის გამო მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

"კრიტიკულ დასკვნებსა და შეფასებებს არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციებიც აკეთებენ. ეს მიდგომა სამწუხაროდ შედეგის მომტანი არ არის.

"რაც შეეხება ფაქტებს, ძალიან დიდი ხანია, რაც პატიმრებისადმი ასეთ მოპყრობას აქვს ადგილი როგორც იმერეთში, ისე სრულიად საქართველოში. ქუთაისში კი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, რაც რეაგირებას მოითხოვს.

"სააპყრობილეებში ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც გასეირნების დროს ღირსების შემლახავ მოპყრობას აქვს ადგილი. ამცირებენ, აგინებენ, თავში ურტყამენ, უხეშად ექცევიან, - ანუ მათ პროვოცირებას ცდილობენ. იმიტომ პატიმრები ადმინისტრაციასთან ზედმეტ კონტაქტს ერიდებიან, რათა ამ ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს.

"შესაძლებელია ეს პატიმრებს შორის კონფლიქტის მიზეზიც გახდეს, ამაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციაა, მას აქვს ეს ბერკეტი, რომ იქ ეს არ უნდა მოხდეს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ.

ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე: "ფაშისტური რეჟიმის დროს, როდესაც საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვეებს აწამებდნენ, იმაზე უფრო სასტიკი მეთოდები აქვთ სააკაშვილსა და კალმახელიძეს. მე საბჭოთა ფილმებშიც კი არ მინახავს, რომ პატიმრების გაუპატიურებას ჰქონოდა ადგილი.

"ის, რომ პატიმრები "ბოქსში" გადაჰყავთ, თანაც ფეხშიშველა და საცვლების ამარა, ეს სხვა არაფერია, თუ არა ევროპის ადამიანთა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა. ეს არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. იმ საკითხების მიხედვით, რაც სახალხო დამცველს აქვს აღწერილი, ნებისმიერი პატიმრის ადვოკატს გასაჩივრების უფლება აქვს და თუ ამას ევროპის სასამართლოში გაასაჩივრებენ, აუცილებლად დადგება გამამართლებელი გადაწყვეტილება სახელმწიფოს წინააღმდეგ.

"ისეთი სიტუაციაა, რომ პატიმრებს სიცოცხლის ყიდვა უწევთ. თუ პატიმარი დანაშაულს არ აღიარებს და სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას შეეცდება, ამ შემთხვევაში ის პატიმარი თავის სიცოცხლეს ფაქტობრივად სასწორზე დებს.

"სხვა ფაქტები, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში აისახა, ასევე ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციას არღვევს. პატიმრებმა ამ შემთხვევაში უნდა გაასაჩივრონ, რომ კონკრეტულ დღეს მის მიმართ მოხდა კონკრეტუილი წამების ფაქტი და ზემოთ აღნიშნული კონვენციის მესამე მუხლის თანახმად მათ უფლება აქვთ, რომ სახელმწიფოს დასჯა მოითხოვონ".

გელა ნიკოლაიშვილი, უფლებადამცველი: "ის ფაქტები, რაც სახალხო დამცველს ქუთაისის საპყრობილეზე აქვს ასახული, თავისუფლად შეიძლება ყველა სხვა ციხეებზეც გავრცელდეს, იმიტომ, რომ ასეთი მოპყრობა პატიმრების მიმართ სხვა ციხეებშიც ხდება. რა თქმა უნდა, რომ ეს დარღვევაა. არა უბრალოდ კანონის დარღვევა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულიც არის. ადმინისტრაციის წარმომადგენელბის მხრიდან ეს უფლებამოსილების გადამეტებაა.

"როდესაც პატიმრები სეირნობენ და ერთ-ერთი მათგანი არღვევს შიდა-განაწესს ამ დროს მთელი საკნის მსჯავრდებულებს რომ აბრუნებენ საკანში, ეს სამწუხაროდ გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ყოვლად მიუღებელია, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია. მეტსაც გეტყვით, ამ დროს არათუ მარტო უკან აბრუნებენ, არამედ ერთი გადაცდომისთვის (ან შეიძლება ზედამხედველებს ასეთი ფაქტი მოეჩვენოთ) სჯიან. დასჯის მეთოდი ხშირად კანონის ფარგლებიდან ძალზედ ფართოდაა გასული. ამ დროს მათ შეიძლება რადიო ჩამოართვან, ტელეფონზე დარეკვა აუკრძალონ, კარცერში ჩასვან და. ა.შ.

"შესაძლებელია, რომ ამ დროს პატიმრებს შორის კონფლიქტიც მოხდეს. ეს გარკვეულწილად აქეთკენაცაა მიმართული. მეორე მომენტიც არის, ზოგჯერ ასეთ სიტუაციებში დამნაშავის ნაცვლად სხვა პატიმრებს სჯიან, რათა სხვა პატიმრები იმ კონკრეტული პატიმრის წინააღმდეგ განაწყონ", - აცხადებს ნიკოლაიშვილი.

კატეგორია: ამბები რომლებიც მხოლოდ ქუთაისში თუ მოხდება:) | ნანახია: 229 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title