მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 15 » ქუთ-აი!-სური ამბები (ვთვლი, რომ საინტერესო ნაწილი II)
1:56 AM
ქუთ-აი!-სური ამბები (ვთვლი, რომ საინტერესო ნაწილი II)

რამდენი რამ მოხდა დღეს თუ ეს უბრალოდ გარემოს გამოცვლის ამბავია? აი, რას ნიშნავს ბევრი თავისუფალი დრო. დღიურომანია მეწყება. ჰოდა ყველაფერს თანმიმდევრობით მოვყვები.


ასე გამოვიყურებოდი უმხურვალესი ღამით სანახევროდ უძინარინარი, სანამ დღევანდელი დღე დაიწყებოდა. გაუპარსავი ფეხების ნაცვლად მე გიხდით ბოდიშს :)

დილის 9:00-ზე მამამ წამოგვყარა, მარკეტინგის ტრეინინგზე ჩაგწერეთო. ვჭამეთ, ჩავიცვით, მივედით.

ვისაც გაინტერესებთ, ეს ქუთაისში გახსნილი McDonald's-ია. შემდეგ პოსტებში ამ ობიექტს უფრო შესწავლილს დაგახვედრებთ

შენობა, სადაც აღნიშნული რამ ტარდება, ქუთაისის მრეწველთა სახლია. ჩვენი დარბაზი (ოდესღაც კინოჩვენებისათვის რომ გამოიყენებოდა) თსუ-ს მაღლივი კორპუსის დარბაზის აბსოლუტური სურნელოვანი  ანალოგია. ვერც იქიდან გამოდევნეს საბჭოური ფერები, არომატი და აურა და ვერც აქედან.

ხედი გარედან

ესეც შიგნით.დაე, იყოს ბნელი. მეზარება ახლა ამაზე ჩალიჩი.

ტრეინინგზე ძირითადად მარკეტინგული გეგმა და და საწარმოს ბიუჯეტური ხარჯები განვიხილეთ. მე მეტ-ნაკლებად ვიცოდი ეს ყველაფერი, რადგან ბიზნესსა და ეკონომიკასთან სამსაგნიანი შეხება მაქვს. ჩემთვის კარგი გადამეორება იყო. ჩემმა ძმამ და მამიდაშვილმა (ორივეს ეკონომიური უნდა) დაახლოებით გააცნობიერეს, თუ რა სფეროში მოუწევთ მოღვაწეობა. ტრეინინგს ქუთაისის კვალობაზე ნამდვილად არაუშავდა რა.

შემდეგ ისინი (მამა, ძმა, მამიდაშვილი + მამაჩემის 2 ვეებერთელა მეგობარი + მათი 2 ცალი ბავშვი) წავიდნენ საირმეში, მდინარეში საბანაოდ. მე ორი მიზეზით არ წავედი: 1. ადგილი თითქმის არ იყო; 2. ვერ ვიტან ასეთ სიტუაციებს. ქუთაისში ჩემხელა ადამიანს 45-50 წლის ადამიანებთან ხმის ამოღების უფლება თითქმის არ აქვს. ნუ მე, ყოველ შემთხვევაში, ასე გამზარდეს. ჰოდა ნერვებზე კიდევ ერთხელ მოშლას სახლში ჯდომა და ხატვა ვამჯობინე. ხოლო როცა მწველი მზე გადავიდა, მეგობართან შესახვედრად გავემართე.

გადავიარე თეთრი ხიდი…

და, უცებ… უიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

პაააააწუუუუუუუ!

წავიჭორავეთ, წამოვიჭორავეთ. მისი დანახვა ისე გამიხარდა, რომ ლეკვივით მყავდა ჩახუტებული და არ ვუშვებდი. მერე, როგორც იქნა, გავუშვი და ჩემი გზა გავაგრძელე.

მე და ნესტანი (No Photo)  ისევ ძველი მარშრუტით გავემართეთ სასეირნოდ: საბაგირო – ზედა პარკი – დათვის გალია – ორიოდე საქანელა – კაფე – უკან კიბით. გახსოვთ, რომელ დათვზე გეუბნებით? აი, დათუნია რომ იყო პაატარა, ამ გაზაფხულზე რომ გადავიღე. ისევ ის მოვინახულე და ახლა ასეთ მდგომარეობაშია.

კ სჩასტიუ, იქვეა პარკის ადმინისტრაცია…

ჰო, აი ეს!

კ ნისჩასტიუ, პასუხი არაოფიციალური იყო და ასე ჟღერდა: "რია ვქნათ, ძამიკო, ჩვენც კი გვშია”. (ცხოველთა გულშემატკივრებო, ველოდები თქვენს გულაჩუყებულ კომენტარებს).

ლირიული გადახვევა (შენიშვნა: ვრცელდება მხოლოდ მათზე, ვინც საკუთარ თავზე მიიღებს)

ქუთაისი ეს ერთგვარი ნაზავი ირანული, სვანური და სუფთა იმერული ხასიათისა. მატრაკვეცობა (იმერული სიტყვაა და პრანჭიაობას ნიჭნავს) ეს წმინდა ადგილობრივი თვისებაა. სვანურობა ბოლო ათწლეულებში შეძენილი თვისებაა ("სვანურობა” რა თქმა უნდა, ხუმრობით ნახმარი ტერმინია :) ) და ძირითადად ქუჩაში გამოიხატება. მაგალითად, თუ შემთხვევით ვინმეს ფეხი დაადგი (ძირითადად, ბიჭს) ან თუ უცბად მხარი გაკარი, ან სულაც ვინმეს თვალი გააყოლე, ეს შეიძლება ქუჩური გარჩევის საგანი გახდეს. მე არ ვამბობ, რომ სვანები ეგრე იქცევიან. უბრალოდ, ამ დროს ქუთაისელი ახალგაზრდებს (და არა ჩვენს უფროსი თაობის წარმომადგენლებს) "გადაეკეტებათ” და ხშირად საქმე ქუჩურ გარჩევებში გადადის. ირანულ ხასიათში კი, ძირითადად, ფანატიზმს ვგულისხმობ, რაც, თუ არ ვცდები, ბოლო დროის მოვლენაა. მაგალითად, ქუთაისში არ მოსწონთ, როცა მათნაირად არ აცვიათ, მასხრად იგდებენ მათ, ვინც თბილისურ კილოზე საუბრობენ (ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ ზურგს უკან). სხვადასხვა უმცირესობებთან ლიბერალურ დამოკიდებულებამდე კი ჯერ შორია. რამდენად შორია, ვერ გეტყვით.

მიკვირს, რატომ ვერ ვამჩნევდი ასეთ რამეებს. შეიძლება, ვამჩნევდი, მაგრამ ასე არ ვრეაგირებდი. ყველაფერი მაინც დედა გრავიტაციას ჰგავს. მისი წყალობით ისე ხარ გამობმული დედამიწაზე, რომ მის ბრუნვას ვერ ამჩნევ. ასეთი გრავიტაცია მაკავშირებდა ქუთაისთან.

დავუბრუნდეთ თემას. მე და ნესტანი ერთ-ერთ საქანელაზე დავსხედით და ძრავის ამუშავებიდან 30 წამის შემდეგ უკვე ვნანობდით ამ ნამოქმედარს. იმდენი გვაბზრიალა, გვზლარდღნა და გვზილა, რომ გულისრევას თითო-თითო ბოთლმა ცივმა ლიკანმა ძლივს გადაგვარჩინა.

...და ასე გამოვიყურებოდი ნახევარი საათი (სწორი ფორმაა "ნახევარ საათს", რადგანაც მიუგებს კითხვაზე "რამდენ ხანს?")

ჩამოვედით, როგორც უკვე ვთქვი, კიბით და ისევ თეთრ ხიდთან მივედით, სადაც ყოველ საღამოს კონცერტი ეწყობა. ამჯერად ეკა კვალიაშვილი მღეროდა.

ვიცი, იტყვით ახლა, რა დროს კაა, ჩამოეთრიოს სცენიდანო. ან მსუბუქი ყოფაქცევის ქალები გვაკლიაო?… რაც უნდა თქვათ, მე ასე გიპასუხებთ: სულ მკიდია, ვინ რა საქმეს ეწევა ცხოვრებაში. როცა ადამიანი სცენაზე დგას, ჩემთვის მთავარია, კარგად იმღეროს. ხოლო ვინაიდან კვალიაშვილი თავისი ხმით, უფონოგრამოდ მღერის, ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი. ჩემთვის, როგორც მსმენელისათვის, ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის ფონოგრამაზე გაღებული ხახის ნახვა. აქედან გამომდინარე, ღრმად მიმიფურთხებია ყველა ფონოგრამშიკი მომღერლისა და მათი მსმელისათვის, რამეთუ არც ერთს ჰქვია მომღერალი და არც მეორეს – მსმენელი. ქუთაისელებს რაც შეეხება, მათ მოსწონთ რუსული ესტრადია და არც საბჭოურებზე ამბობენ უარს. აქედან გამომდინარე, კვალიაშვილი ძალიან მოიწონეს.

ეს, რა თქმა უნდა, ჩემსა და ჩემზე უფროს თაობას ეხება. პატარებზე კი აბა რა გითხრათ. კონცერტიდან მალევე წამოვედი სახლში, რადგან დაღლილი ვიყავი. გამოვცდი ჩუმად მოძიგძიგეებს, ქუჩის კუთხეში ახიპიშებულებსა და თეთრ ხიდს. ამასობაში წინ მიმავალ ორ ბიჭს წამოვეწიე. ერთი მეორეს ეკითხებოდა, ვინ მღერისო. ამან უპასუხა, ვინცხა **ეა და "ჩემი გმირი გიწოდე”-ს თუ რაცხა ამნაირ **ობას მღერისო. ეს ბავშვი სიმაღლეში იმხელა იყო, რა მანძილსაც გაივლის წყალი ჩემი სხეულიდან მიწამდე. ერთადერთი, რის გამოც სიბრაზე მის მიმართ სიბრალულით შემეცვალა იყო ის, რომ უბედურს არც მშობლებში და არც გარემოცვაში გაუმართლა. გაიზარდა და აღიზარდა ბაყაყად და თუ ეგრე გააგრძელა, მაქსიმუმ ვირთხად თუ მოკვდება.

ამასობაში რამდენიმე დიდი ქუჩა გამოვიარე. ყოველივე ამას, რასაც აქ ვწერ, გზაში ვფიქრობ და საგულდაგულოდ ვალაგებ. გარეთ კვლავ გაუსაძლისად ცხელა. ზაფხულის ტიპური, ქუთაისური ღამეა. მხოლოდ ღამის ჭრიჭინას გაბმული მონოტონური თრითილი გადევს ბნელ სიჩუმეს. საქუთარი ჩუსტების ტყლაშუნის ხმას ალაგ-ალაგ ჩაქროლებული მანქანა გადაფარავს ხოლმე. მიყრუებული ქუჩები და განათების ბოძებქვეშ შეკრებილი ბავშვები.

რამდენჯერ მითამაშია "მასწავლებლობანა" მოსწავლის დარგში, მაგრამ ასეთი კაპარჩხი და წუნკალი (იმერ.) მასწავლებელი მე არ შემხვედრია. მაგარი ქაჯი იყო და ბავშვებს უსამართლოდ სჯიდა. ეს 90-იანების ერთ-ერთი უპოპულარულესი გართობა იყო. უშუქობა და ზაფხულის თბილი ღამეები - აი, რატომ მიხაროდა ყოველ საღამოს გარეთ გასვლა. ახლა ქუჩები სანახევროდ ცარიელია. ბავშვები კომპიუტერსა და ტელევიზორში არიან შეცვენილნი და "მასწავლებლობანაც" გურული კრიმანჭულივით "წითელ წიგნში" შესატანი გახდა.

დღეს მეტად აღარ გადაგღლით. ჰოდა, თუ ეს ყველაფერი თქვენთვის უინტერესო აღმოჩნდა, მაშინ მიპასუხეთ:

რომელი უფრო არის 100: 50 + 50 თუ 45 + 55?

კატეგორია: ამბები რომლებიც მხოლოდ ქუთაისში თუ მოხდება:) | ნანახია: 1091 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title